მე და შენ ურთიერთობაში ვართ, ეს ნიშნავს, რომ მე შენზე ვზრუნავ და ვითვალისწინებ შენს აზრსს და ანალოგიურად შენც იგივეს აკეთებ ანუ ჩვენი ურთიერთობა არის ჯანსაღი. ეს არის ურთიერთობა სადაც ჩვენ ერთმანეთის სურვილებს პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ერთმანეთის ,,მინდა’’-ს. თუკი მე და შენ ვართ ურთიერთობაში, მე ვზრუნავ შენზე, შენ კი არა, მე ვითვალისწინებ შენს აზრს, შენ კი ცდილობ დომინირებას. ეს ნიშნავს რომ ჩვენი ურთიერთობა ტოქსიკურია და აზიანებს ჩემს თვითშეფასებას. ესეთი ურთიერთობა არ არის უსაფრთხო ადგილი ჩემთვის. იმ ურთიერთობაში სადაც თქვენი ,,მინდა’’ მუდმივად დაიგნორებულია და მხოლოდ პარტნიორის ინტერესებია გათვალისწინებული ესეთი ურთიერთობა მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება თქვენთვის. თუ რა გავლენას ახდენენ სხვა ადამიანები ჩვენს ცხოვრებაზე და რა კავშირშია ტოქსიკური ურთიერთობა შფოთვასთან ამ თემაზე ფსიქოლოგი ნონა ტაბატაძე გვესაუბრა

როგორ ყალიბდება ტოქსიკური ურთიერთობა? ორი ადამიანის ურთიერთობა ხდება საკუთარი პირადი საზღვრიდან გასვლის შემდეგ. იმისათვის რომ მე ჯანსაღი ურთიერთობა დავამყარო მეორე ადამიანთან მნიშვნელოვანია გარკვეულწილად  ვაცნობიერებდე როგორც ჩემს საკუთარ საზღვრებს ასევე – სხვისას. მე მოვდივარ შენთან ჯანსაღ  კონტაქტზე – ვეხები რა შენს საზღვარს, მე თუ პატივს არ ვცემ შენს საზღვრებს ანუ უხეშად ვიჭრები, ან პირიქით შენ არ სცემ ჩემს საზღვრებს პატივს, მაშინ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ემოციურ ტკივილის და მუდმივი დაძაბულობის, სტრესის და უბედურების მომტანი იქნება. სწორედ ასეთი ურთიერთობები ყალიბდება შემდგომში ტოქსიკურად.

რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ტოქსიკური ურთიერთობა?

ასეთი ურთიერთობის შედეგად ჩვენ გვიქვეითდება თვითშეფასება, პიროვნული ზრდის შესაძლებლობა. ტოქსიკურ ურთიერთობაში ჩვენ არათუ ვერ ვვითარდებით, არამედ განვიცდით რეგრესს, რადგან მე საკუთარ თავს აღვიქვამ ამ ურთიერთობაში დაკნინებულად, ჩემით შესაძლებელია მანიპულირება, იმიტომ რომ სუსტი ვარ, ანუ საკუთარ თავზე მიჩნდება ამ ურთიერთობის შესაბამისი წარმოდგენა. ანუ მე არ ვარ საკმარისად კარგი, ამიტომ მარტო დავრჩები, თუ ამ ურთიერთობას არ შევინარჩუნებ.

შეიძლება თუ არა ტოქსიკური ურთიერთობა იყოს შფოთვის გამომწვევი მიზეზი?

როდესაც მე ვკარგავ საკუთარი თავის განცდას, ვეღარ ვაცნობიერებ საკუთარ საზღვრებს, სურვილებს, მოთხოვნილებებს, იმიტომ რომ ვარ მსხვერპლი ტოქსიკური ურთიერთობის, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ მიჩნდება მუდმივი შფოთვის მდგომარეობა. მარტოობის დაუძლეველი შიში, განცდა – თითქოს არ ვარ საკმარისად კარგი, არ ვარ სიყვარულის,თანაგანცდის ღირსი, სხვასთან ვერასდროს ავაწყობ ჯანსაღ ურთიერთობას. როცა ადამიანი მსხვერპლია და მასზე პარტნიორი ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ყოველთვის არის  შფოთვის განცდა. შიში წასვლის ამ ურთიერთობიდან და დარჩენის გაუსაძლისობა, ეს ორი ამბივალენტური ემოციური მდგომარეობა, ანუ ერთის მხრივ მე ვერ მივდივარ, ჩემი არასრულფასოვნების კომპლექსის გამო და მეორეს მხრივ დარჩენაც აუტანელია, ბუნებრივია მუდმივი სტრესის და შფოთვის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს.

რამდენად დაგვეხმარება ტოქსიკური ურთიერთობის დასრულება ჩვენი შფოთვის მართვაში?

ტოქსიკური ურთიერთობის დასრულება ძალიან რთულია, რადგან ასეთ ურთიერთობაში არის პარტნიორის მხრიდან ბევრი ფსიქოლოგიური მანიპულაცია, რაც არასრულფასოვნების კომპლექსს და გაურკვევლობას იწვევს. აუცილებელია საკუთარი კომპლექსების, შიშების გაცნობიერება, რომ მისცეთ თქვენს თავს ბედნიერების  უფლება. ასეთი ურთიერთობის წარმოშობას თუ ჩავუღრმავდებით, დიდი ალბათობით ჩვენს წარსულ გამოცდილებასთან, ტრავმებთან, სტერეოტიპებთან და დამოკიდებულებებთან მიგვიყვანს, ამიტომც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დასრულება ამ ურთიერთობის, არამედ პრობლემის არსთან ჩაღრმავება, აუცილებელია გაცნობიერდეს ასეთი ურთიერთობის შემდეგ თუ როგორ მოვხვდით ამ გაუგებრობაში, გადამუშავდეს ტრავმები, რათა შემდეგ ისევ თავიდან არ შევიდეთ სხვა მსგავსი ტიპის ურთიერთობაში… თუ მარტოს გიჭირთ ამის გაკეთება, ფსიქოთერაპია დაიხმარეთ, იმისთვის, რომ გამოხვიდეთ ამ წრიდან და შემდგომი ურთიერთობა იყოს ჯანსაღი და ბედნიერების მომტანი.

 

ბლოგი მოამზადა სოფია მალანიამ