რამდენიმე დღის წინ მეგობარი ვნახე აფთიაქში, მეგობარი, რომელიც ერთ თვეზე მეტი არ მენახა, ორივეს პირბადე გვეკეთა, მხოლოდ თვალები გვიჩანდა, რომელსაც დაბნეულად ვაცეცებდით. არ ვიცოდი ჩავხუტებოდი თუ არა ან როგორ მეკოცნა მისთვის, სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი, როცა თვითონ ჩამიკრა გულში და ერთადერთი ამ დროს რაც მინდოდა უბრალოდ ტირილი იყო, შემდეგ მომიკითხა, რაღაცეებს მეკითებოდა, არც კი მახსოვს რას ვპასუხობდი, მხოლოდ ერთ აზრი მიტრიალებდა თავში, მე ადამიანს, რომელსაც პანდემიამდე არც ჩახუტება მიყვარდა და მეგობრებში ცნობილი ვარ როგორც ცივი ადამიანია, რატომ მომინდა ესე ძალიან ჩახუტება და რატომ გამოიწვიე ამ შეხვედრამ ესეთი ემოციები ჩემში. თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ჩახუტება სწორედ ამ თემაზე ვესაუბრე ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის ,,დიალოგის” ფსიქოლოგებს: ქეთი მესხიშვილს, ნონა ტაბატაძესა და ანა მეუნარგიას.

ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩახუტება და შეხება?

ქეთი: ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის ჩახუტებას და ზოგადად სხეულთან კონტაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფსიქოლოგები მშობლებს აღნიშნულ საკითხზე ყურადღებას ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდიდან ვამახვილებინებთ, რადგან ბავშვი იმასაც კი გრძნობს რამდენად დიდი მიმღებლობით უჭირავს ის მშობელს. ფიზიკური კონტაქტის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ნორმალურად განვითარებისათვის. შესაბამისად შეხების ნაკლებობით გაზრდილ ბავშვებს შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი ჰქონდესთ ზრდასრულობის ასაკში.

ნონა: ადამიანი არის სოციალური არსება, რომლისთვისაც აუცილებელია, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალურ-ემოციურ კონტაქტზე ყოფნა. ჩვენ ვეხებით ერთმანეთს ამ რამდენიმე დონეზე და ეს კონტაქტი ხდება საკუთარი თავის აღქმის მთავარი ელემენტი. ანუ მე შენთან კონტაქტის საზღვარზე აღვიქვამ ჩემს თავს. მეცნიერების თქმით, ჩახუტება და ფიზიკური შეხება ახანგრძლივებს ადამიანის სიცოცხლეს. გულწრფელი ჩახუტების დროს გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც “სიყვარულის ჰორმონის”სახელით არის ცნობილი და ის გვეხმარება შფოთვებისა და შიშებისგან გათავისუფლებაში. სწორედ ამიტომ ხანგრძლივი და ხშირი ჩახუტება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

სოციალური დისტანცირების დაცვა როგორ იმოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?რა შესაძლო პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც მეგობართან ჩახუტების შეეზღუდვამ?

ნონა: მსოფლიო პანდემიამ დღეს უამრავი ადამიანის, როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა.. “გადადების შიში”, რომლითაც მოცულია მსოფლიო საზოგადოება, ფიზიკური დისტანცირება, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებთანაც გეშინია ახლოს ყოფნა, ბუნებრივია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის დიდი გამოწვევაა. პოსტ ტრავმული სტრესი, რომელიც კორონა ვირუსის დასრულების შემდეგ, კიდევ შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდეს. პანდემიამ შეიძლება,  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაამწვავოს იმ ადამიანებში, რომლებსაც აქამდეც აწუხებდა იგი. ხოლო მათთვის, ვისაც  არ ჰქონია  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, კოვიდ19ის მსოფლიო აფეთქება, შესაძლოა მატრავმირებელი აღმოჩნდეს.

როგორ ვიზრუნოთ ერთმანეთზე სოციალური დისტანცირების პირობებში?

ქეთი: ჩვენ დღეს შეზღუდული გვაქვს ჩახუტება და შეხება, ის ადამიანები ვისთვისაც კონტაქტში ყოფნა სახვებთან ფიზიკურ დონეზეც ძალიან მნიშვნოვანი იყო ძალიან იტანჯებიან ამ შეზღუდვის გამო. ესეთ დროს შემიძლია მათ ვუთხრა, რომ სულ მცირე საკუთარ სხეულს თვითონ უნდა შეეხონ და ჩაეხუტონ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ვირუსის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან დიდი როლს თამაშობს და ზედმეტი პანიკის შექმნა და მუდმივი შფოთვა მხოლოდ ზრდის დაავადების შანსებს.

ანა: მართალია, ჩახუტება შეიძლება დაგვაკლდეს თუმცა ურთიერთობის დანარჩენი სოციალური ფაქტორები გვრჩება,ინფორმაციის და გრძნობების გაზიარება, ერთმანეთის მხარდაჭერა, ღიმილი, თვალებში ყურება, საუბარი – ასე მეტ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე რასაც ერთმანეთს ვეუბნებით. ზოგადად ცნობილია, რომ სტრუქტურურებული დღის რუტინა და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მას უნდა ჰქონდეს სიტუაციაზე კონტროლის შეგრძნება და ჩართულობის განცდა, ამიტომაც, თუნდაც, ონლაინ შეხვედრები მეგობრებთან, სადაც ერთად მივირთმევთ, ვსაუბრობთ და გავუზიარებთ ჩვენს ამბებს მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოტრავმატოლოგის ბასელ ვან დერ კოლკის აზრით, კი ერთად სიმღერა – რიტმული ჰარმონია სხვა ადამიანებთან ერთად, გამკლავებითვის ერთერთი საუკეთესო მეთოდია. ეს არის ჩვენი თავის ტვინის ძირითადი მახასიათებელი- როცა ჩვენი ხმა და მოძრაობა სხვა ადამიანებთან არის სინქრონიზირებული, ასე, უსაფრთხოების განცდა გვექმნება. ამიტომ, შეგვიძლია ამ ეტაპზე ერთმანეთს ჩახუტების გარეშეც დავუჭიროთ მხარი, სოციალური ურთიერთობით, ღიმილით და ერთად სიმღერით.

ნონა: და რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ მსოფლიო კრიზისი სამუდამოდ არ გაგრძელდება, ყველაფერი ჩაივლის და ჩვენ ისევ ჩავეხუტებით ერთმანეთს ყოველგვარი შიშის გარეშე.

 

 

ინტერვიუ მოამზადა სოფია მალანიამ